თეოდორ შტორმის უცნობი კლასიკა

შტორმი_წვიმის ქალიგერმანული ზღაპრების ხსენებისას ბევრ ჩვენგანს პირველად ძმები გრიმები რომ ახსენდება, სრულიად ლოგიკურია. მსოფლიო ზღაპრების საგანძურს ხომ ბევრი რამ დააკლდებოდა, რომ არა მათ მიერ შეგროვებული და გადამუშავებული ხალხური ზრაპრები და გადმოცემები. მაგრამ გერმანულენოვანი ზღაპრების ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ უნიჭიერესი ძმების ღვაწლით, რომლებმაც, აუცილებლად უნდა ითქვას რომ, თავიანთი ენათმეცნიერული და ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობით თანამედროვე გერმანისტიკას დაუდეს საფუძველი. თანამედროვე გერმანულენოვანი წიგნის ბაზარი რომ არ გავითვალისწინოთ, სადაც ზრაპრების ბუმი ნამდვილად თვალსაჩინოა, არც თუ ისე შორეული წარსულიც არანაკლებ მრავალფეროვანია ამ მხრივ.

ზღაპრებს წერდნენ ისეთი მწერლებიც, რომლებიც გერმანულენოვანი ლიტერატურის ნამდვილად დიდ სახელებს წარმოადგენენ. ასეთ მწერალთაგანია თეოდორ შტორმი (14 სექტემბერი, 1817 – 4 ივლისი, 1888), რომელიც პოეტური რეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად ითვლება. მისი ცნობილი ნოველა „თეთრცხენიანი მხედარი“ გერმანიიის სკოლებში დღემდე  გერმანული გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია. ნოველებისა და ლექსების გვერდით ავტორს დაწერილი აქვს რამდენიმე ზღაპარი, რომელთაგან „წვიმის ქალი“ („Regentrude“) განსაკუთრებით გამოირჩევა. შტორმმა „წვიმის ქალი“ შლეზვიგის მიწებისათვის გერმანულ-დანიური ომის გავლენის ქვეშ მყოფმა დაწერა: „ისეა, თითქოს შეუწყნარებელი რეალობისაგან დასასვენებლად, ექსტრემალური ფანტაზიის სფეროს თავი უნდა შევაფარო“ – წერს ავტორი. ზღაპარში მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდება:

ქვეყანაზე გვალვა და საზარელი სიცხე გამეფებულა, რადგან წვიმის ქალ რეგენტრუდეს ჩაეძინა. ამ ამბით გახარებული ბოროტი კობოლდი, ცეცხლკაცა ეკენეპეკენი, სიხარულისაგან მინდორ-ველებზე ცეკვავს, წყაროებს აშრობს და მოსავალს ახმობს. ქვრივი დედილო სტინე და სტინეს ვაჟი ანდრესი სრულიად სასოწარკვეთილნი არიან, რადგან ცხვრები უწყლობით ეხოცებათ, თანაც ხარბი ფერმერის, ვიზენბაუერის, სესხიც მართებთ. ვიზენბაუერი, რომელსაც ჭაობიან ადგილებში მდებარე საძოვრები სასაცილო ფასად შეუსყიდია, ეხლა სხვა ფერმერების ტანჯვის საფასურად მდიდრდება. ვიზენბაუერის ქალიშვილი მარენი კი სხვა გზას ირჩევს და გადაწყვეტს, ანდრესთან ერთად წვიმის ქალი მოძებნოს. შტორმის ცნობილი ციტატის არ იყოს: „ჩვენ შეგვიძლია ბედნიერება წავართვათ, მაგრამ არა იმედი“, ახალგაზრდები არ ურიგდებიან არსებულ სიტუაციას და რეგენტრუდეს გასაღვიძებლად საშიშ მოგზაურობასაც წამოიწყებენ.

გერმანული გამომცემლობა „კოპენრათის“ მიერ 2013 წელს გამოცემული ზღაპრის ოდნავ შემოკლებული ვარიანტი ახლა უკვე ქართულად ითარგმნა და იწვევს ბავშვებს ხუთი წლის ასაკიდან ფანტაზიით სავსე სამყაროში. ზღაპარს თან ერთვის ალმუდ კუნერტის ძალიან საყვარელი ილუსტრაციები, რომელთა მეშვეობით მკითხველს კიდევ უფრო მეტად გაუადვილდება, ორი გმირისა და მათი თავგადასავლის თანამონაწილე გახდეს. წიგნი ხელმისაწვდომია „ბიბლუსისა“ და „წიგნის სამყაროს“ მაღაზიათა ქსელში. „წვიმის ქალი“, ეს არის ამბავი გამბედაობასა და თანაგრძნობაზე, ადამიანისა და ბუნების სიახლოვეზე და თუ თანამედროვე გლობალურ დათბობასა და კლიმატურ ცვლილებებსაც გავითვალისწინებთ, ზღაპარი აქტუალურობას ნამდვილად ინარჩუნებს.

Advertisements

2 thoughts on “თეოდორ შტორმის უცნობი კლასიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s