პეტერ ალტენბერგი “გრამოფონის ფირფიტა”

Peter Altenbergავსტრიელი მწერალი პეტერ ალტენბერგი (ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ ენგლენდერი) დაიბადა 1859 წლის 9 მარტს ქალაქ ვენაში, ებრაელი ბიზნესმენის ოჯახში. ჯერ იურიდიულ, შემდგომში კი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა მიატოვა და წიგნებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. პეტერ ალტენბერგი თავისუფალი მწერალი იყო და ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. მეგობრობდა კარლ კრაუზსა და ვენის მოდერნიზმის ლიტერატურულ წრესთან. მისი შემოქმედების ძირითადი ჟანრებია დიდაქტიკურ-აფორიზმული ტენდენციების შემცველი ესკიზები და ლექსები პროზად. პეტერ ალტენბერგი ვენის იმპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და იმ პერიოდის საზოგადოებისა და ვენის მოდერნიზმის საინტერესო ქრონისტია. 1896 წელს გამოიცა ავტორის პირველი კრებული „Wie ich es sehe“, შემდგომში „Ashantee“ (1897), „Was der Tag mir zuträgt“ (1901), „Neues Altes“ (1911), „Vita ipsa“ (1918) და სხვა. პეტერ ალტენბერგი გარდაიცვალა 1919 წლის 1-ელ იანვარს ვენაში.

გრამოფონის ფირფიტა

(გერმანული გრამოფონის სააქციო საზოგადოება.)

C 2-42 531. შუბერტის კალმახი

მუსიკად ქცეული მთის ნაკადული, კრისტალივით კამკამა, კლდეებსა და ნაძვებს შორის მობუტბუტე. კალმახი — საოცრად მომხიბლავი მტაცებელი, ღია ნაცრისფერი, წითელი წინწკლებით, მსხვერპლს ჩასაფრებული, ყელყელაობით, ნაკად-ნაკად, წინ-წინ ხტუნვით, წყალდაღმა, წყალაღმა, გაუჩინარებით. მკვლელობის გრაციოზული სიხარბე!

პიანინოს აკომპანემენტი ტკბილი, ნაზი, ერთფეროვანი ღუღუნია მთათა ღრმა და მუქი მწვანე წყლებისა. რეალური ცხოვრება აღარ არსებობს. იგრძნობა ბუნების ზღაპარი!

გმუნდენში ყოფნისას ვიცოდი, რომ ყოველდღე, ნაშუადღევს, ერთი ქალბატონი მესაათის მაღაზიაში გრამოფონის ფირფიტა C 2-42 531-ს ორ-სამჯერ აკვრევინებდა. იჯდა ტაბურეტზე, მე კი აპარატთან ძალიან ახლოს ვიდექი ხოლმე.

ერთმანეთს არასოდეს ვესაუბრებოდით.

მოგვიანებით, კონცერტის მოსმენას აყოვნებდა, ვიდრე მე არ გამოვჩნდებოდი.

ერთ დღესაც სამჯერ გადაიხადა ნაწარმოების მოსმენისთვის, შემდეგ კი წასვლა დააპირა. მაშინ მეოთხედ უკვე მე გადავიხადე. კარში შეჩერდა, ბოლომდე მოუსმინა.

გრამოფონის ფირფიტა C 2-42 531, შუბერტი, კალმახი.

ერთ დღესაც აღარ მოვიდა.

საჩუქარივით დამრჩა მისგან ეს სიმღერა.

შემოდგომა მოვიდა და მოედანი აივსო ყვითელი, კანტიკუნტი ფოთლების შუქით.

და გრამოფონიც გააჩერეს მესაათის მაღაზიაში, რადგან მოგება აღარ მოჰქონდა.


(c) ლიტერატურა +

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s